ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და ისევ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლის თქმით, მზია ამაღლობელისგან დანაშაულის ჩადენის მომატებული საფრთხე არსებობს.
„პროკურატურის გასაგონად მინდა ვთქვა – მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან. თუ გინდათ ჩემი განწყობა იცოდეთ, ეს არის.
რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, სიმართლე გითხრათ, პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა ვერ ვხვდები, რას ნიშნავს დანაშაულის ჩადენა და თან ახალი. იმიტომ, რომ ბუნებით კრიმინალი არ ვარ და ყველაფერი ის, რაც კრიმინალთან არის დაკავშირებული მძაგს, ატანა არ მაქვს. ახალი დანაშაული თუ უნდა ჩაიდინო, უნდა დაგეგმო ხო?! ან თუ შემიძლია ახალი დანაშაულის ჩადენა შემიძლია, საპატიმროში რატომ არ შემიძლია?! იქაც მაქვს კომუნიკაცია. ვერ ვხვდები ამას.
ერთადერთი ვიცი, რომ პატიმრობაში თუ არ ვიქნები, ზუსტად ვიცი რას გავაკეთებ. დანაშაულს არ ჩავიდენ, იმიტომ, რომ არ ვარ კრიმინალი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ. ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ უნდა დამტოვოთ პატიმრობაში. ევროინტეგრაციისთვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ყველაფერს გავაკეთებ,” – განაცხადა მზია ამაღლობელმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომლის სინქრონსაც "ბათუმელები" ავრცელებს.
ცნობისთვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის შეცვლაზე ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
სააპელაციო სასამართლოში 14 თებერვლის ის გადაწყვეტილება გასაჩივრდა, რომლითაც ბათუმის სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე ასევე უარი თქვა.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი დგებუაძემ განაცხადა: "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".
მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.