უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს — ამის შესახებ Clooney Foundation for Justice-ს Facebook პოსტში ვკითხულობთ.

"საქართველოში, სადაც 2024 წლის ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში ყოველდღიურად მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება, ხელისუფლება ახორციელებს დემონსტრაციების ჩახშობას - აპატიმრებს მომიტინგეებს, მიზნად ისახავს ჟურნალისტებს და იყენებს პოლიციის ძალადობას კრიტიკოსების გასაჩუმებლად.

2025 წლის 18 მარტიდან TrialWatch ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს. ამაღლობელმა ჯილდოს მფლობელი მედიასაშუალებები ბათუმელები და ნეტგაზეთი დააარსა და ერთ-ერთია იმ მრავალ ჟურნალისტს შორის, რომელიც საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ გახდა სამიზნე. მედიის მუშაკებზე 90-ზე მეტი თავდასხმა დაფიქსირდა, ხოლო მთავრობა მედიის თავისუფლების ახალ შეზღუდვას აწესებს.

ამაღლობელს სამჯერ უთხრეს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი და როგორც ინფორმაცია ვრცელდება ემუქრებოდა და შეაფურთხა პოლიციის მაღალჩინოსანმა. მის დაკავებაზე პროტესტის ნიშნად ამაღლობელმა 38 დღე იშიმშილა," - ვკითხულობთ ფონდის განცხადებაში.