ლევილში ქართული ფესტივალის პარალელურად სხვა ღონისძიებებიც იმართება. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში ანსამბლებმა „ბასიანმა“ და „რუსთავმა“ ქართული საგალობლები შეასრულეს და ეროვნული ფოლკლორის ნიმუშები წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო „ბასიანისა“ და „რუსთავის“ ერთად შესრულებული ,,მრავალჟამიერი".

საგულისხმოა, რომ ქართული საგალობლები და ხალხური სიმღერები სწორედ ლევილის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში შესრულდა, რადგან ტაძარს ლევილში მცხოვრებ ქართველებთან მნიშვნელოვანი ისტორია აკავშირებს. გარდა იმისა, რომ ამ ტაძარში იმართებოდა ლევილის შატოში შეფარებული ქართული ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი საზეიმო თუ სამგლოვიარო ღონისძიებები, ლევილის მამულის მკვიდრისა და მმართველის, მამია ბერიშვილის, მეუღლის - კრისტიან ლეკლერკის, ინიციატივით, ტაძრის ულამაზესი ვიტრაჟები ქართველმა ოსტატმა, ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელმა გივი მელიავამ დაამზადა.

ეკლესიის ვიტრაჟები მეტისმეტად იყო დაზიანებული და მათ აუცილებლად სჭირდებოდა განახლება. 1961 წელს კრისტიან ლეკლერკს ვიტრაჟების დამზადებისთვის თანხის მოსაძიებლად გაუჩნდა იდეა, ლევილის მამულის პარკში დაბის მკვიდრთა სამრევლო დღესასწაული გაემართათ. ამ ინიციატივას სამრევლო უმალვე დათანხმდა. ლევილის მამულში გამართულმა დღესასწაულმა წარმატებით ჩაიარა და შემოსული თანხით ეკლესიისთვის ახალი ვიტრაჟები დამზადდა. 1961 წლიდან მოყოლებული, სამრევლო ზეიმი, რომელსაც დღეს „ალუბლების დღესასწაულს“ უწოდებენ, ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად იმართება ქართველთა მამულის პარკში 24 ივნისს - კათოლიკური კალენდრით წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს.


შეგახსენებთ: ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე ქართულ ფესტივალში მონაწილეობდნენ ანსამბლები „ბასიანი“ და „რუსთავი“. ისინი აუდიტორიის წინაშე მეორე კვირის საფესტივალო ღონისძიებებზე წარდგნენ. გარდა ამისა, ფესტივალის მეორე კვირას გაიმართა შეხვედრები წარმატებულ ქართველ ფეხბურთელებთან (გიორგი ლომაია, გიორგი ნავალოვსკი, დავით სირაძე); ჩატარდა ტიხრული მინანქრის ოსტატის, სოფიო მუშკუდიანის, მასტერკლასი და გაიმართა მისი ნამუშევრების გამოფენა; საზოგადოების წინაშე წარდგნენ ეთნოჯაზბენდი „ირიაო“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.

ინფორმაციისთვის: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით 24 მაისიდან 14 ივლისამდე ლევილის ისტორიულ მამულში საზოგადოებას ქართული ფესტივალის კულტურული და სპორტული ღონისძიებები ელოდება. ღონისძიებები ყოველ შაბათ-კვირას იმართება და მათზე დასწრება თავისუფალია.

ქართულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ლევილში სხვადასხვა დროს 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გაემგზავრება. ფესტივალში მონაწილეობენ: კულტურისა და სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, შემოქმედებითი ჯგუფები.

წელს ფესტივალი მოიცავს არაერთ სპორტულ აქტივობას; ასევე, ღონისძიებებში პირველად მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.

ქართული ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ჯეოვაინ თრეიდინგი“.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.