ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე ქართული ფესტივალის მეორე კვირა მრავალფეროვანი საინტერესო ღონისძიებებით დასრულდა.

შეგახსენებთ: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით 24 მაისიდან ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი იმართება. 14 ივლისამდე, ყოველ შაბათ-კვირას, საზოგადოებას კულტურული და სპორტული ღონისძიებები ელოდება. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.


ქართული ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ჯეოვაინ თრეიდინგი“.
მეორე კვირის საფესტივალო დღეებში მაყურებელმა ქართული მრავალხმიანი სიმღერები ანსამბლ „რუსთავისა“ და ანსამბლ „ბასიანის“ შესრულებით მოისმინა; გაიმართა შეხვედრები წარმატებულ ქართველ ფეხბურთელებთან (გიორგი ლომაია, გიორგი ნავალოვსკი, დავით სირაძე); ჩატარდა ტიხრული მინანქრის ოსტატის, სოფიო მუშკუდიანის, მასტერკლასი და გაიმართა მისი ნამუშევრების გამოფენა; საზოგადოების წინაშე წარდგა ეთნოჯაზბენდი „ირიაო“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.


ქართულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ლევილში სხვადასხვა დროს 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გაემგზავრება.


ფესტივალში მონაწილეობენ: კულტურისა და სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები, ასევე - სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, შემოქმედებითი ჯგუფები.


საგულისხმოა, რომ 2024 წლის საფესტივალო პროგრამა საზოგადოებას არაერთ სპორტულ აქტივობას სთავაზობს. წელს ღონისძიებებში პირველად მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.
აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ კულტურის სამინისტრომ საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი შემოქმედებითი რეზიდენცია სწორედ ლევილის ისტორიულ მამულში შექმნა, რომლის სტუმრები არიან სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები (შვიდი სტუდენტი). ისინი ლევილში ქმნიან ნამუშევრებს, რომლებიც დასრულების შემდეგ მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდება.