ფრანგული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, 1984 წლის ევროპის ჩემპიონს და 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, წარმოშობით ბასკ ლუის ფერნანდესს ფინალის დაწყებამდე 2 საათით ადრე "პუშკაშ -არენის" მედიაცენტრში გადავაწყდი. გავახსენე მისი ყველაზე ემოციური გოლი -1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ბრაზილიის წინააღმდეგ, პენალტების სერიაში სწორედ მას მოუწია ფრანგთაგან ბოლო დარტყმის შესრულება( სხვათა შორის, ამ სერიაში მიშელ პლატინიმ ბურთი კარს ააცილა). ფერნანდესის გამორბენი, დარტყმა და საფრანგეთი ნახევარფინალშია! სწორედ იმ ემოციაზე ვკითხე თავიდან.
"ეს, რა თქმა უნდა, დაუვიწყარია. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მძაფრი ემოციაა. მადლობა, რომ გამახსენე".
ფინალთან დაკავშირებით, მუსიე ფერნანდესი ოპტიმისტურად არის განწყობილი. ფეხბურთში ყველაფერი ხდება და თითქოს, არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ ბოლო ორი წელია, განსაკუთრებით კი 2026 წლის გაზაფხულზე, პსჟ ევროპაში აშკარა დომინანტია და სიურპრიზს არ ველოდები. პსჟ დღეს აუცილებლად მოიგებს".
რა თქმა უნდა, ლუის ფერნანდესს კვარაზეც ვთხოვე აზრის გამოთქმა.
"კვარა ნამდვილი ფენომენია და მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში საუკეთესოა. იგი ჩამოყალიბდა დიდი სცენების მოთამაშედ და დღეს პსჟ-ს წარმატება მის კარგ თამაშზეც იქნება დამოკიდებული. კვარაცხელიას აქვს შანსი, რომ "ოქროს ბურთიც" მოიგოს, ოღონდ ამისთვის დღევანდელ თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ნებისმიერ შემთხვევაში, კვარა პსჟ-ს საუკეთესო შენაძენია ბოლო 5 წლის განმავლობაში".
მიხეილ აბაიშვილი
ბუდაპეშტიდან










