ლევილის შემოქმედებითი რეზიდენცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული პირველი შემოქმედებითი რეზიდენციაა.
ამ რეზიდენციის პირველი მონაწილეები სამხატვრო აკადემიის სტუდენტები იქნებიან.თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, პროექტის ფარგლებში - "ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი", ლევილის შემოქმედებით რეზიდენციაში მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეები კონკურსის წესით გამოავლინა.
ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2024 წლის 5-25 მაისს, ლევილის ქართველთა მამულში (საფრანგეთი) ჩატარდება. ქანდაკების მიმართულების სტუდენტების ნამუშევრები (მასალა – მეტალი, თემა «თავისუფლება») ლევილის მამულში შემოქმედებითი რეზიდენციის ფარგლებში შეიქმნება და მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდება.
თავისუფლების თემაზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაცია 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ლევილის მამულში გაიმართება.ვულოცავთ ახალგაზრდა მოქანდაკეებს - ბარბარა ავაზაშვილს, თამარ თოიძეს, ლაზარე ნოზაძეს, ბექა ჩხაიძეს, გიორგი ჯარიაშვილს, იასონ ჯანხოთელსა და ივერი აბესაძეს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემოქმედებით წინსვლას!