დედაქალაქის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე კახა ბუხრაძე.
მისი თქმით, ადმინისტრაციული წესით, რამდენიმე ადამიანია დაკავებული, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.
"ჩვენი მხრიდან არაერთგზის მოხდა მოქალაქეების გაფრთხილება - მოვუწოდეთ, რომ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. მათ არ გაითვალისწინეს ჩვენი მოთხოვნა და რამდენიმე პიროვნება დავაკავეთ ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რამდენი ადამიანი გვყავს დაკავებული. ბევრი პიროვნება, მე რასაც ვუყურებდი, ძალადობდა პოლიციის თანამშრომლებზე. ჩვენ უნდა ვეცადოთ, გზა გავასუფთაოთ - დღე გათენდა, მოქალაქეებს უჭირთ გადაადგილება, სასწრაფო ავტომანქანებს, სამაშველო ავტომობილებს ექმნება პრობლემა ადგილზე მისვლისას. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გზა გავწმინდოთ", - აცხადებს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე.
შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველმა კარვები და ის ტრანსპორტი გაიყვანეს, რომლითაც აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი.
მანქანები ტერიტორიიდან ევაკუატორების მეშვეობით გაჰყავთ. ადგილზე მუშაობს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
პოლიციას აქციის დასაშლელად არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია.
აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.
პოლიცია ცდილობს აქციის მონაწილეები გაიყვანოს გზის სავალი ნაწილიდან, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეებს ავტოსაგზაო გზა გადაკეტილი აქვს.