საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ორი დღეა გამოხატავენ უწყვეტ პროტესტს. მოქალაქეებს ადგილზე ჰქონდათ გაშლილი კარვები, ხოლო გამთენიისას დიდი რაოდენობით მობილიზებულმა საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გაიყვანეს და ინვენტარისგან გაათავისუფლეს ტერიტორია. აქციის მონაწილეები იძულებულნი გახდნენ გადასულიყვნენ მელიქიშვილის გამზირზე.
⭕ საჯარო ადგილას ნებისმიერმა დემონსტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივი ცხოვრების გარკვეული დონის დარღვევა, მათ შორის, საგზაო მოძრაობის შეფერხება. ეს ფაქტი თავისთავად არ ამართლებს შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ხელისუფლება გამოიჩინოს ტოლერანტობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეკრება სრულიად მშვიდობიანია.
ამ დროისთის პროტესტის მონაწილეები იმყოფებიან მელიქიშვილის გამზირზე (07:50 მდგომარეობით), ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე ძირითადად სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.
📣 მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:
➡ ურზუნველყოს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობა. შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა.
➡ შეწყვიტოს/არ დაუშვას დემონსტრანტების უკანონო დაკავება." - ნათქვამია საიას გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველმა კარვები და ის ტრანსპორტი გაიყვანეს, რომლითაც აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი.
მანქანები ტერიტორიიდან ევაკუატორების მეშვეობით გაჰყავთ. ადგილზე მუშაობს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
პოლიციას აქციის დასაშლელად არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია.
აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.
პოლიცია ცდილობს აქციის მონაწილეები გაიყვანოს გზის სავალი ნაწილიდან, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეებს ავტოსაგზაო გზა გადაკეტილი აქვს.