საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, ოპოზიციის აქცია-მსვლელობაზე, რომელიც ამ დროისთვის აღმაშენებლის ხეივანზე მიმდინარეობს, ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ არის იმისთვის, რომ გზა გადაიკეტოს.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები ხელოვნურად ცდილობენ გზის გადაკეტვას და პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებს.

„პროპორციულად არის პოლიცია. არაერთხელ განმარტა პოლიციამ, რომ არსებობს კანონი ამ ქვეყანაში და ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს. შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით, როცა ხალხის რაოდენობა არ არის იმდენი და სურთ, გზის შეფერხება მოახდინონ, შესაბამისად მოქმედებს პოლიცია. მოვუწოდეთ არაერთხელ, რის შემდგომაც გადავიყვანეთ გზიდან. 50 ადამიანი რომ გადადის გზაზე და ხელოვნურად კეტავს სხვადასხვა წერტილში, არ შეიძლება“, – განაცხადა სირაძემ.

ცესკო-ში დღეს 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი და მონაცემები წარადგინეს, რის პარალელურად ცესკო-ს შენობასთან აქცია მიმდინარეობდა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ცესკო-დან აქცია-მსვლელობა დაიწყეს.