გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარები დალუქულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წელათსა და ტომაშეთში.
სახერხი საამქროების ტერიტორიებზე სამართალდამრღვევებს განთავსებული ჰქონდათ წიწვოვანი სახეობის, ჯამში 37 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.