საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხთან ერთად, თელავის მეოთხე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ეწვია.
მინისტრი და კომიტეტის თავმჯდომარე გამოცდების დაწყებამდე აპლიკანტებს შეხვდნენ და მათ წარმატებები უსურვეს.
„საგამოცდო პროცესის უმაღლესი სტანდარტით წარმართვის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. შექმნილია ყველა საჭირო პირობა იმისთვის, რომ გამოსაცდელებმა თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინონ.
ყველას ვუსურვებ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. იმედი მაქვს, ასეთი მონდომებითა და შემართებით თითოეული აბიტურიენტი დაიმკვიდრებს სასურველ ადგილს უნივერსიტეტში, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი, თავიანთ პროფესიულ საქმიანობას მეტი მოტივაციით გააგრძელებენ.
კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად გავეცანი საგამოცდო პროცესს, რომელიც სტანდარტების სრული დაცვით, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი კოორდინაცია და თანამშრომლობა არსებობს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის‘‘ - განაცხადა გივი მიქანაძემ.
18 ივლისს თელავის საგამოცდო ცენტრში ტარდება პედაგოგების გამოცდები მუსიკასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, ასევე, აბიტურიენტების გამოცდა ლიტერატურაში.
2025 წლის გამოცდები 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო.
თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში სულ 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
წელს გამოცდებზე დარეგისტრირებულია 80 000-მდე გამოსაცდელი.