„გვაქვს კონკრეტული მიმართულებები, სადაც ახალგაზრდების ინტერესი დაბალია და დეფიციტი გვაქვს მაშინ, როდესაც ამ მიმართულებებზე შრომის ბაზარზე ძალიან მაღალი მოთხოვნილებაა. ეს განსაკუთრებით ეხება ტექნიკურ მიმართულებებს - ვიცით, რომ სამშენებლო ბიზნესი საკმაოდ განვითარებულია და რეალურად გამოჩნდა, რომ 71%-იანი დანაკლისია იმ მუშახელის და კონკრეტული კვალიფიკაციის სპეციალისტების, რომელთაც ამ დარგში  შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ.

 
კვლევამ გვაჩვენა, რომ ყოველწლიურად მისაღები სტუდენტების რაოდენობა, სხვადასხვა მიმართულებით, 14 400 უნდა იყოს. თუმცა, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ პროცესები ახლა დაიწყო და გარკვეული გარდამავალი ეტაპებია საჭირო. შესაბამისად, წელს ვაპირებთ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 21 000-ზე მეტ ადგილზე გამოვაცხადოთ მიღება”, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. 
 
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ერთიანად არ მოხდეს შემცირება და პროცესები გარდამავალ პერიოდში განხორციელდეს, წელს დაახლოებით 35%-ით მეტ ადგილზე გამოცხადდება მიღება.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ჩატარება აუცილებელია. მისი განცხადებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება, რადგან რეფორმის შედეგები და კვოტების განსაზღვრა პირდაპირ კავშირში იყოს ბაზრის მოთხოვნებთან.