ჩემი შვილი უკვე ისეთ მდგომარეობაშია, მისთვის სულ ერთია, სად დააბრუნებენ, მოკლავენ, გადააგდებენ. ადამიანისთვის უკვე სულ ერთია, გესმით თქვენ? კიდევ ვერ გაიგეთ, რა მდგომარეობაშია? დღეს, მე უფრო იმისთვის მოვედი, რომ მენახა, რამდენად გაუძლებს, იმიტომ, რომ ვერ უძლებს. როდესაც 2-3 სიტყვას მეუბნება, ქოშინი ეწყება, გული ცუდად უხდება, წნევა ეწევა, ცუდად არის ადამიანი და ახლა მთელი ძალა მოიკრიბა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, რითაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„რაც ნახეთ, ვერ შეგიქმნით იმ შთაბეჭდილებას, რაც არის რეალურად. მე რომ შემომხედოთ ახლა და წარმოიდგინეთ, ჩემი ნახევარია. ყველაზე პატარა ზომა შარვალი რომ მიმაქვს ხოლმე, ისიც „დაკიდებულია“ და ვარდება.
შეხედეთ ჩემს ხელებს, ჩემი ნახევარი აქვს, წვრილი, საცოდაობა და კუნთის ნასახი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვი, ადამიანი არ ჭამსთქო - თითქოს ჭამს, მაგრამ ხორცს ვერ ჭამს, დანარჩენს ჭამს. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ექიმებს ხელი აქვთ აღებული და არ მკურნალობენ. მკურნალობენ, ყოველ წუთში შემოდიან, რაღაცას აძლევენ, გადასხმები გაუკეთდა. როგორც ჩანს, არაფერი მუშაობს, აი, რატომ არ მუშაობს, არ ვიცი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კადრში კიდევ არ ჩანს.
„იქ რომ დავდივარ და ვუყურებ, სულ სხვა სურათია. რომ წამოიწევს და ადგება, პირდაპირ გული მიჩერდება.
რატომ არის ადამიანი ასე სუსტად? აი, იმ პირობებში, როცა ადამიანი იკვებება, რატომ არის ასეთი? კახექსიური ავადმყოფებიც არ არიან ხშირად, ასეთ მდგომარეობაში“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებაზეც იმის შესახებ, რომ ის დამნაშავე არაა და პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისთვის მზად არის.
„მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ყოველთვის ამ ქვეყნისთვის ცხოვრობდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც ისევ ქვეყანასა და სახელმწიფოებრიობის გადარჩენაზე ფიქრობს. ეს უნდა ყველაზე მეტად. დანარჩენი, ოჯახის წევრები, ეს ყველაფერი უკანა პლანზე ჰყავს გადაწეული. მისთვის მთავარი არის ის, რომ ეს სახელმწიფო გადარჩეს და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა, რომ ამაში მიიღოს მონაწილეობა. მე მგონი, ბუნებრივია. იცით, ხანდახან მიკვირს, იმიტომ, რომ როდესაც გვერდით ვზივარ, უჭირს, ხანდახან ორ სიტყვას ვერ გეტყვის და აქ [სასამართლო სხდომაზე] რამდენი ილაპარაკა, გაკვირვებული დავრჩი. მე უფრო მაინტერესებდა, როგორ გაუძლებდა“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.