პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ ახალგაზრდული ფესტივალის -“სტუდფესტი 2024” გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ჩაკვეტაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ახალგაზრდობის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
„თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ფესტივალში მონაწილეობას და გისურვებთ წარმატებებს. მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა ახალგაზრდობის პოლიტიკასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, ანაზღაურებადი სტაჟირების საკითხი, რომელიც ფრაქცია ,,ქართული ოცნების” ინიციატივით დაიწყო. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად წარადგინა. ეს არის ახალი ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს ახალგაზრდობის პოლიტიკა. ჩვენი მხრიდან, გვაქვს სიახლეები, რომელსაც საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
“სტუდფესტი 2024” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.
წელს ფესტივალს 25 000-მდე მონაწილე და 665 გამარჯვებული სტუდენტი ჰყავს.
ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები, ინტერმედია - საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსი, მოხალისეობრივი აქტივობები და STEM კონკურსი, რომელმაც საშუალება მისცა ახალგაზრდებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.
გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.