ფინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე ფინეთის პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თულა ჰაათაინენს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარ თემას უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდულ სფეროსთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა. საპარლამენტო დელეგაციის წევრები გაეცნენ ფინეთის პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდული პარლამენტის პროექტზე, რომელიც პარლამენტის საქმიანობაში სკოლის მოსწავლეების ჩართულობას ითვალისწინებს.
ფინურმა მხარემ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მიულოცა. აღინიშნა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები.
თავის მხრივ, გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ფინურ მხარეს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის. მან ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ ფინეთის, როგორც ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით წარმატებული ქვეყნის, გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე.
შეხვედრას ესწრებოდა შვედეთის სამეფოში და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული.