„პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში იმართება და მხოლოდ ეს ფაქტიც ადასტურებს „ქართული ოცნების“ განწყობას და ჩვენს მისწრაფებებს“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე. მისივე თქმით, ოპოზიციამ ხელისუფლება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის საკითხზეც გააკრიტიკა.
„ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო ამ კონფერენციაში მონაწილეობა და ვენის კონვენციით, სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს სახელმწიფოს. ალბათ არც იმის სჯერათ, რომ ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ საქართველო კარგად მუშაობს. ამის გაგონებაც არ უნდათ! ამ ხალხს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი კი არ აინტერესებთ, კოლექტიურ ნაცმოძრაობას მხოლოდ რევანშის სურვილი აქვს. ამ ადამიანების ორმაგი სტანდარტი ალბათ ორმაგ სტანდარტზე მეტია. საზოგადოების განწყობას კი ნამდვილად კარგად ხედავენ. იციან, რომ ჩვენ 60%-იანი მხარდაჭერა გვაქვს და თვითონ 20%-აც ვერ აგროვებენ.
ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა. წინ მნიშვნელოვანი რეფორმებია და ასე დამაჯერებლად მივალთ არჩევნებამდე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით ასე დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.