განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრი გრეტა წიწავა თემატური მოკვლევის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ესტუმრნენ.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე ადამიანური რესურსების გავლენის შესწავლის მიზნით, პარლამენტის წევრები თიანეთის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში იმყოფებოდნენ.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა გიორგი ჩაკვეტაძემ და მოკვლევის ჯგუფის წევრმა გრეტა წიწავამ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და აღმზრდელ-პედაგოგებს გაესაუბრნენ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში პარლამენტის წევრები ბაგა-ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებს შეხვდნენ, მათი მოსაზრებები მოისმინეს და მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს გაეცნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.
„განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში მუნიციპალიტეტების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები დავათვალიერეთ, გავეცანით ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასა და შევხვდით ბაგა-ბაღების პერსონალს. მიმდინარე თვის ბოლოსთვის მოკვლევის ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებიც შესაბამის უწყებებს მიეწოდება და განხორციელდება მათ შესრულებაზე ზედამხედველობა. თემატური მოკვლევის დოკუმენტი სექტორში მიმდინარე რეფორმების კუთხით მნიშვნელოვანი სიახლე იქნება“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
თემატური მოკვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერითა და ადრეული განათლების სპეციალისტის ნინო ალელიშვილის ჩართულობით ხორციელდება.