„რეფორმები, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სექტორში ხორციელდება, ეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. უახლოეს პერიოდში კი ამ ორ სექტორს დაემატება არანაკლებ მნიშვნელოვანი სექტორი - ახალგაზრდობის სფერო, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მოუსმინეს.
გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, სკოლამდელი განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეებია.
„ავტორიზაციის პროცესის ხელშეწყობის კუთხით სამინისტრომ არაერთი ნაბიჯი გადადგა. ჩვენი მიზანია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს თითოეული ბაგა-ბაღი იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი და ჩვენს პატარებს საუკეთესო გარემოში ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ადრეული და სკოლამდელი აღზრდა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2026 წლამდე, ჯამში 885 ბაგა-ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია განხორციელდება.
ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების შესწავლის მიზნით განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დაიწყო თემატური მოკვლევა, რომელიც გულისხმობს ყველა იმ გამოწვევაზე რეკომენდაციების შემუშავებას, რომელიც ამ სექტორში არსებობს“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისი თქმით, ასევე ხელშესახები სიახლეებია ზოგადი განათლების კუთხით.
„მინისტრმა გამორჩეულ რეფორმებზე ისაუბრა, რომელთაგანაც უნდა აღვნიშნოთ, ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებები. პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. განახლებული დოკუმენტი საჯარო და კერძო სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს. ზოგადი განათლების ბირთვის ანუ პედაგოგების წახალისების, მათი შრომის დაფასების მიზნით წელს პირველად აღინიშნა მასწავლებლის ეროვნული დღე. სიმბოლურია, რომ ეს დღე 27 ოქტომბერს -იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს დაწესდა. მნიშვნელოვანია, ჩვენს საამაყო პედაგოგებს გაეზარდოთ ხელფასები და ამაზეც კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. უახლოეს პერიოდში სამინისტროს მიერ იქნება წარმოდგენილი დეტალური გეგმა იმასთან დაკავშირებით, რომ 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო სქემა, რომლითაც მინიმუმ 500 ლარით გაიზრდება იმ მასწავლებლების ხელფასი, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობენ. ამ ცვლილებით, 2012 წლამდე პერიოდს თუ შევადარებთ, პედაგოგების ხელფასები 4-ჯერ გაზრდილი იქნება“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, სასკოლო კვებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„აქ მთავარი არის, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც იქნება სრულად უსაფრთხო და გადაზღვეული უნდა იყოს ყველა რისკი, რომელიც ამ სფეროს ნამდვილად გააჩნია. შესაბამისად, კონკრეტული ნაბიჯები ამ კუთხით უკვე არის გადადგმული“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარეობს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა.
„მხოლოდ 2022-2023 წლებში სამინისტროს მიერ განხორციელდა 71 საჯარო სკოლის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია. 200 საჯარო სკოლაში ჩატარდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენი მიზანია, რომ ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდეს“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისი ინფორმაციით, ოქტომბერში წარდგენილი პროფესიული განათლების განვითარების ხედვა, სექტორს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
„განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში შევა პროფესიული განათლების ელემენტიც“ , - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების საფეხურს, მისი თქმით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის დავალიანების განულება უმნიშვნელოვანესი პროცესია.
„იმ 30 000 ადამიანისთვის, რომელსაც აქვს საშუალება ისარგებლოს პროგრამით, ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან წლების განმავლობაში ეს იყო გადაუჭრელი პრობლემა და ზუსტად ახალი მინისტრის პირობებში და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით ეს გახდა რეალური“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისი ინფორმაციით, გაორმაგდა სახელმწიფო სტიპენდია და სტიპენდიატთა რაოდენობა.
„300-ლარიან სტიპენდიას 5000-მდე ჩემი თანატოლი მიიღებს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამები და ახალი საერთაშორისო საგრანტო, კვლევითი და სამეცნიერო პროგრამები.
გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, 1-ლი იანვრიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის კუთხით გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
„ქართული ოცნების ხელისუფლებამ განათლების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები გაატარა გასული 10 წლის განმავლობაში. საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიცალა პოლიტიკური გავლენებისგან და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაბრუნდა განათლება. საერთო ჯამში, ამ ნაბიჯებმა განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა. შთამბეჭდავია ბოლო 6 თვის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები. თუმცა, ჩვენ წინ არაერთი გამოწვევა გვაქვს, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალებით აუცილებლად გავუმკლავდებით“, -აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.