დედაქალაქი 16-22 სექტემბერს „მობილობის ევროპულ კვირეულს“ უმასპინძლებს, რომელსაც უკვე მეოთხედ უერთდება.

წლევანდელი კვირეულის თემაა - „საერთო საჯარო სივრცე“, ხოლო ღონისძიების მიზანი სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა. 

 

„მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობას გეგმავს.

 

21-22 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე – პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და ლონდონის პარკის მიმდებარედ, კანკავას ქუჩაზე მხოლოდ ფეხითმოსიარულეები იმოძრავებენ, რომელთაც სხვადასხვა აქტივობაში შეუძლიათ ჩართვა. მიცკევიჩის ქუჩაზე გაიმართება ავტობუსების გამოფენაც.

 

ამავდროულად, კვირეულის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, 16 და 21 სექტემბერს, 01:00 საათზე ესტუმრონ თბილისის მეტროს, ხოლო 21 სექტემბერს, 16:00 საათზე იგეგმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტობაზაში ვიზიტი. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაციის გავლა.

 

21 სექტემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, იმიტირებული ველორბოლა ჩატარდება. 

 

ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლურად ველოსიპედის მართვის მოწმობები გადაეცემათ.