გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფება.
„რთველის საკოორდინაციო შტაბში პრემიერ-მინისტრს ვუმასპინძლეთ. მთავრობის მეთაურს რთველის მიმდინარეობის პროცესი გავაცანით. მინდა, აღვნიშნო, რომ ყველაფერი კეთდება და მომავალშიც გაკეთდება, რათა რთველი წარმატებულად ჩატარდეს, მევენახეებმა სრულად დააბინაონ მოსავალი და მიიღონ სათანადო შემოსავალი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს, ახლა აქტიური ფაზაა და ყოველდღიურად დაახლოებით 10-11 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება ხდება.
„ამ მომენტში, დაახლოებით, 150 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია. რთველის საკოორდინაციო შტაბი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და მაქსიმალურად ახდენს პროცესის კოორდინაციას. საფერავის ჯიშის ყურძნის დროულად დაბინავებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის მიერ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; დღეს უკვე სახელმწიფო საწარმო 18-მდე ლოკაციაზე ახორციელებს ყურძნის მიღებას. ერთ კილოგრამ საფერავში მევენახეს 1.50 ლარს ავუნაზღაურებთ. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ იმ მევენახეებს, რომლებმაც 14 სექტემბრამდე საფერავის ჯიშის ყურძენი უფრო ნაკლებ ფასად ჩააბარეს, ღვინის ეროვნული სააგენტო სხვაობას დაუკომპენსირებს. ახლა მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. როგორც კი ეს ნაწილი დასრულდება, დაიწყება ანაზღაურება. რაც შეეხება რქაწითელის ყურძნის ჩაბარების პროცესს, რომელიც შეუფერხებლად მიმდინარეობს, უკვე გადამუშავებულია 60 ათასი ტონა. რქაწითელის ჯიშზე მინიმალური ფასი ერთი ლარია, სადაც 20 თეთრს სახელმწიფო სუბსიდირება შეადგენს. რქაწითელზე საშუალო ფასი 1-1.10 ლარის ფარგლებში მერყეობს“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.