სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა, მოადგილე ლევან მუშკუდიანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის მე-2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ 400 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის და აღჭურვის პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება 4 000 000 ლარამდეა.
პროექტის ფარგლებში სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, ეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები; ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; საკონფერენციო და სააქტო დარბაზები; ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
სკოლა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის: ეწყობა ლიფტები, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები. უზრუნველყოფილი იქნება კომპიუტერული ქსელებით, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემებით. აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით