"დასრულდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც გამაგრდა სკოლის კედლები, ასევე განხორციელდა ღონისძიებები ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმართულებითაც. 350 ბავშვზე გათვლილი სკოლა ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს”-აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ხრესილის საჯარო სკოლის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
სკოლის შენობაში განახლდა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, დამონტაჟდება ლიფტი, გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. მოეწყო შიდა და გარე სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
,,სკოლის შენობა სრულად არის ადაპტირებული ყველა მიმართულებით, როგორც სასწავლო პროცესის, ასევე საინჟინრო და ტექნიკური გადაწყვეტების მხრივ. ორსართულიან შენობას დაემატა ლიფტი, საკლასო ოთახები, ლაბორატორიული სივრცეები. ხრესილს უკვე აქვს ისეთი სკოლა , რომელიც ღირსეულ სასწავლო პირობებს სთავაზობს როგორც ბავშვებს , ასევე პედაგოგებს. ვულოცავ მათ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ახალ სკოლაში და დიდ წარმატებას ვუსურვებ”-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
რეაბილიტაციის შედეგად, სკოლაში შესაძლებელი იქნება 350 მოსწავლის მიღება.
სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,7 მილიონი ლარით დაფინანსდა.