აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მთავრობის სხდომა ოქტომბრის თვის შედეგების შეჯამებით დაიწყო და აღნიშნა, რომ გასული თვე იყო არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვების თვე.
„მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც დღეს სხდომას ესწრებიან, ვულოცავ უფლებამოსილების შესრულების დაწყებას. ჩვენი გუნდის ამოცანაა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საზოგადოების მაღალი ჩართულობით ეფექტიანად იმუშაონ“ - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.
აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დასრულდა. მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 800 მილიონ ლარს აღწევს.
„ფინანსური დოკუმენტის ასეთი მაჩვენებლები მიუთითებს, რომ რეგიონის ეკონომიკა განაგრძობს მდგრად, ეფექტიან და სტაბილურ განვითარებას. ეს არის მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პროგრამას, როგორც სოციალური, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ასევე, საგანმანათლებლო მიმართულებებით“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
სულხან თამაზაშვილის თქმით, აჭარაში იწყება ციტრუსის მოსავლის სეზონი, რომელიც რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია. საპროგნოზო მონაცემებით, მოსავლის მოცულობა წინა წელთან შედარებით 30%-ით გაიზრდება. რეგიონში ამოქმედებულია ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს სეზონის შეუფერხებელ მიმდინარეობასა და პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობას.
მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონის საერთაშორისო და საგანმანათლებლო წარმატებებზეც. ბათუმი მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ამ გამარჯვებამ რეგიონი კიდევ უფრო გამოკვეთა მსოფლიო ტურიზმის რუკაზე.
ასევე, აღსანიშნავია რეგიონის წარმატება საგანმანათლებლო მიმართულებით. მასწავლებლის ეროვნული პრემიის ათ გამარჯვებულს შორის, ორი პედაგოგი აჭარის რეგიონიდანაა.
 
            
             
                         








