არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომელთაც ჰგონია, რომ ხელისუფლება უკვე დამარცხებულია, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რითაც პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს: „დღეს უნდა გამოვაცხადოთ მთავრობა, ამომრჩეველმა წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან და ესენი იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, სანდოობით აღჭურვილები და არაპოლიტიკოსები“

„ანუ უკვე დამარცხებულია ხელისუფლება და განვიხილავთ კონფიგურაციას, როგორ უნდა დავაკომპლექტოთ შემდეგი ხელისუფლება. მე მომწონს ამ თემებზე საუბარი, მიმაჩნია, რომ ამ თემებზე აუცილებელია მუშაობა, მაგრამ არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომელთაც ჰგონია, რომ ხელისუფლება უკვე არის დამარცხებული და დამთავრდა. ბოლომდე არის ბრძოლა საჭირო, რეგიონებიდან ჩამოვედი ორი დღის წინ და უნდა გითხრათ, რომ ისე რომ ახლა წაქცეულია ხელისუფლება... წაქცეული არ არის, ამიტომ, დიდი მუშაობა, დიდი ბრძოლა, ძალიან დიდი მოტივაცია სჭირდება ჩვენს ამომრჩეველს, რომ მივიყვანოთ არჩევნებზე და 26 ოქტომბერს დავამთავროთ ხელისუფლება“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „ტვ პირველის“ ეთერში.