„ქართული ოცნება" არჩევნებამდე საკმაოდ დამაჯერებლად მიდიოდა, ოპოზიციას ჰქონდა სერიოზული გამოწვევები და ახალა, 40% კი არა, გარწმუნებთ, ეს ძალიან სერიოზულად გააძლიერებს ოპოზიციას და სერიოზულად დაარტყამს სახელისუფლებო ელექტორატს,- ამის შესახებ  „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„უსუსური არგუმენტია, რომ არასამთავრობო სექტორს უნდა რევოლუციური სცენარის მოწყობა საქართველოში და რევოლუციის ეშინია დღევანდელ ხელისუფლებას. ამას ამბობს, რომ ჩვენ რევოლუციის რომ გვეშინია, ამას იმიტომ ვაკეთებთ. სისულელეა, სად არის რევოლუციის წინაპირობა, რევოლუციის მუხტი, რევოლუციური განწყობა, სად არის რევოლუციის თავზე ამღები რომელიმე პოლიტიკური ძალა, არანაირი რევოლუციის წინაპირობა აქ არ არსებობს. მიდიოდნენ არჩევნებამდე საკმაოდ დამაჯერებლად, ოპოზიციას ჰქონდა სერიოზული გამოწვევები, ხელისუფლებისთვისაც, რა თქმა უნდა, იოლი არ იყო, იმიტომ რომ პროპორციული არჩევნებია და პროპორციულ არჩევნებზე ერთ პატარა, რიგით შეცდომასაც შეუძლია ფატალური შედეგი გამოიწვიოს ამა თუ იმ მხარისთვის. 40 %-თან მიახლოების შემთხვევაშიც „ქართული ოცნება" კოალიციურ ხელისუფლებაზე უნდა დაჯერებულიყო, ასეთი ვითარება იქმნებოდა და ახალა, 40% კი არა, გარწმუნებთ, ეს ძალიან სერიოზულად გააძლიერებს ოპოზიციას და სერიოზულად დაარტყამს სახელისუფლებო ელექტორატს.

აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად და ძალა როცა გაქვს, ჭკუა არ გჭირდება, რუსულ პერიფრაზს ვამბობ ქართულად, დაახლოებით ეგეთი ვითარებაა, მაგრამ ივანიშვილი არ არის მარტივი კაცი, ივანიშვილი არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც დაინახავს, რომ ამან შეიძლება დაღუპოს მისი ხელისუფლება და უკან დახევას ვერ მოახერხებს. შესაძლებელია, რომ მან ეს კანონი[„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"] უკან გაიწვიოს ისევ მეორედ. მე მგონი, ეს უკეთესი გამოსავალი იქნება მისთვის, ვიდრე გაჯიუტება",- განაცხადს „ტვ პირველის“ ეთერში ზვიად ძიძიგურმა.