ყველგან ბრიუსელი, არსად ევროპა, სამწუხაროა, რომ ევროპულ ღირებულებებს სცილდებიან ბრიუსელელი ჩინოვნიკები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების წარმომადგენლებს, რომ მათი მითითებით აერჩიათ საკუთარი პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

„ვნახეთ წინასაარჩევნო კამპანიაში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების წევრების პირდაპირი ჩართულობა, განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ პოსტსაბჭოთა წევრები, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ ჩვენს არჩევნებში. ეს ხდებოდა დღისით, მზისით, დაუფარავად, უხეშად. ქართველმა ხალხმა მათ ყველას უთხრა უარი, რომ მათი მითითებით აერჩია საკუთარი პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ახლა ეს არის საერთო ჯამში ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ ქართულ არჩევნებში უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის დარღვევით და დამარცხდნენ ამ არჩევნებში. ვნახეთ მათ შორის ქალბატონი იუკნევიჩიენეს განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ევროკავშირის მხრიდან გარკვეული რეაქციები გამოწვეულია პირდაპირ ქართველი ამომრჩევლის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით. ეს არის პირდაპირი შურისძიება და ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა, რომ შური იძიონ ქართველ ხალხზე, ვინაიდან რა სახეებია, ვხედავთ ხომ? ესტონეთის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები პირდაპირ მიტინგზე იდგნენ საქართველოში, რათა „ქართული ოცნებისთვის“ მხარი არ დაეჭირათ. ეს მინისტრები ოთახში რომ სხედან და შეეცდებიან, ყველანაირად დააზიანონ ქართველი ხალხი, რომელმაც მათ საკადრისი პასუხი გასცა, არაფერი გასაკვირი არაა.

რაც შეეხება დიპლომატებთან ფორმულირებას, რომელიც ასევე ყველანაირი დიპლომატიური გაგებისგან დაცლილია, როცა ახლა ზოგიერთი ევროპელის მხრიდან გვესმის ასეთი განმარტებები და შეფასებები, ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რამდენად დაცილებულია ზოგიერთი ევროპულ ღირებულებებს. ევროკავშირის პასპორტის ჯიბეში ქონა არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების ერთგულებას. ბევრ მაგალითს ვხედავთ, სამწუხაროდ, რომ პასპორტს მიღმა არანაირი ევროპული ღირებულებები აღარ ჩანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.