საქართველოს წინააღმდეგ საძაგელ დეზინფორმაციას არ უნდა მივცეთ ტრიბუნა. ეს არის მნიშვნელოვანი. დადასტურდა, რომ ეს იყო საძაგელი დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ ეთქვა უარი პარტია „გახარია საქართველოსთვის“, რომ „ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

„მას შემდეგ, რაც ჩაიფუშა ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მცდელობა აქვთ, ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფონ ეს თემა. არავის მივცემთ შესაძლებლობას, ამ საძაგელ დეზინფორმაციას ჰქონდეს საპარლამენტო ტრიბუნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცა პასუხი.

„პრემიერ-მინისტრმაც გასცა ამას პასუხი. ყველა კითხვას გაეცა ღია პასუხი, გამოძიება იყო სწრაფი, ეფექტიანი და გამჭვირვალე. რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტს რაიმე კითხვა თუ აქვს, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ნებისმიერ საკითხზე პასუხი გასცეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.