ზოგიერთს ჰგონია, პატარები რომ ვართ, ჩვენთვის ყველაფრის დაკისრება და დაბრალება შეიძლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მცდელობა იყო, პოლიტიკური ბულინგით ის კრიტიკა გაეჩუმებინათ, რაც ქართველი ხალხის მიერ ევროკავშირის მიმართ ისმოდა. „თუ კაი ბიჭები არიან, ამერიკა გააჩუმონ“.

„საქმე საქმეზე რომ მიდგა, დიდთან ვხედავთ, რა სცენა დაიდგა ამერიკის პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში, სადაც ამერიკის პრეზიდენტი თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა, მეორე მხარეს კი ევროპელი ლიდერები ჩამწკრივებული იყვნენ. ეს ფოტო კარგად ასახავს, ევროპელმა ლიდერებმა სად მიიყვანეს ის ორგანიზაცია, რომელსაც 500 მილიონი მოქალაქე ჰყავს და ერთ დროს მსოფლიოს მესამე ეკონომიკა იყო. აი, აქ მიიყვანეს და ამაში ერთადერთი დამნაშავე ევროკავშირის ლიდერშიპი, ხელმძღვანელობაა, როგორც ბრიუსელში, ასევე იმ ქვეყნებში, რომელთაც რეალური პოლიტიკური გავლენა აქვთ ევროკავშირზე. მცდელობა იყო, რომ პოლიტიკური ბულინგით ის კრიტიკა გაეჩუმებინათ, რაც ქართველი ხალხის მიერ ევროკავშირის მიმართ ისმოდა. თუ კაი ბიჭები არიან, ამერიკა გააჩუმონ და იქ სცადონ იგივე სამარცხვინო მეთოდები, რასაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყენებდნენ, როცა ანტიევროპულობას აბრალებდნენ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სიმართლეს თუ მიჰყვები, თავის თავს მოძებნის. ეს ასე დასტურდება. ამ მხილების გამო ევროკავშირისგან ზეწოლა-თავდასხმებს ვიტანთ, მაგრამ ეს ყველაფერი დღეს მხილებულია და ვერავინ ბედავს, შეგვეწინააღმდეგოს. ჩვენზე რამეს თუ იტყვიან, ამერიკასთან გადავამისამართებთ და თავად ელაპარაკონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.