წარმოუდგენელი რამის მომსწრეც ვართ და შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ „ნაციონალმა“ შეიძლება ჩაიდინოს ასეთი სავარაუდო დანაშაული, ამ მასშტაბის გარყვნილება უბრალოდ წარმოუდგენელია, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პროკურატურის მიერ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს შეეხებოდა.
„არის საუბარი ისეთი ტიპის სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია გარყვნილების უმაღლეს ხარისხთან. თქვენ გახსოვთ ეს გარყვნილება ამ პოლიტიკური პარტიისგან. ეს ადამიანები იყვნენ სწორედ, ვინც კასრებში ინახავდა ათასობით კომპაქტ-დისკს, რომლებზეც ადამიანების პირადი ცხოვრება იყო ასახული. ეს სავარაუდო დანაშაული, რაც ამ შემთხვევაში არის სახეზე, იმეორებს ზუსტად იმ ხელწერას, რომელიც დამახასიათებელი იყო „ნაცმოძრაობისთვის“. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ეს კონკრეტული სავარაუდო დამნაშავე, უჩა აბაშიძე, არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, აქტიურად მონაწილეობდა შესაბამისი აქციების ორგანიზებაში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკური მოვლენა. დანარჩენი გამოძიების საქმეა, მაგრამ რეალურად მე რა ინფორმაციაც მაქვს, იმ რაოდენობის ვიდეოჩანაწერზეა ლაპარაკი, რომ ამის ფალსიფიცირებაზე ვერც იქნება საუბარი, აქ არის უბრალოდ წარმოუდგენელი მასშტაბი გარყვნილებისა. რაც შეეხება დანაშაულს, დანაშაული საბოლოოდ იქნება დადგენილი სათანადო წესით სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან, მაგრამ გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ რომ იდენტური ცნებებია, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ საქმეზე,“- აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე ბრალდებულ უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს, მარი იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ და მ.ი.-მ, სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების მიზნით, მ.ი.-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობები, რომელთა საშუალებით მუდმივ რეჟიმში, ფარულად ხდებოდა მ.ი.-ს სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა.
ათეულობით ჩამწერი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახებში, მათ შორის, საძინებელში და ფარულად იყო განთავსებული სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.
აღნიშნული გზით, 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. გამოძიების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში. აღნიშნულ პირებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ.
ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებული საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას - სამხედრო სპეციალური დანიშნულების 30 ცალ ვაზნას.
ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) წარედგინა, ერთ-ერთ მათგანს კი ასევე 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა). დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.