გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ გააფრთხილა რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს, სამართალდამცველებს კი მაქსიმალური მოთმინებისკენ მოუწოდა.
„მინდა, გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ამასთანავე, მინდა ვთხოვო სამართალდამცველების, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით. სამართალდამცავებს მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ ძალადობის დიდი მასშტაბისა და სრულიად მიუღებელი ხარისხის მიუხედავად, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, არსებითად, ისინი სწორედ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტებით მოქმედებდნენ,“- განაცხადა ირაკი კობახიძწემ
მისივე თქმით, მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის.
„გასული კვირების განმავლობაში, იყო რამდენიმე გამონაკლისი ინციდენტი, რომელიც ვერავისთვის იქნება მოსაწონი და მისაღები. საქართველო არის პატარა ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთს განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ. შესაბამისად, მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის. აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ ნებისმიერი ინციდენტი რადიკალური ოპოზიციის მიერ მათ მიერ დაგეგმილი ძალადობის გადასაფარად იქნება გამოყენებული. მინდა გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის თითოეული წარმომადგენელი, ვისაც ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვს ძალადობა, რომ მათი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი და დიდი ალბათობით, ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება,“- განაცხადა პრემიერმა.