თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების XIII ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, ქალაქი ყოველწლიურად როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს მასპინძლობს.
ოთარ გრიგოლიამ ფორუმზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციები და საჭიროებები, რაც ქალაქების სრულ ჩართულობასა და პროაქტიულ ქმედებებს მოითხოვს. მან ყურადღება გაამახვილა დედაქალაქში ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე ურბანული განაშენიანების მნიშვნელობაზე, სატრანსპორტო გამოწვევებზე, შრომის პოლიტიკასა და ურბანული განვითარებაზე.
,,სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში არსებობს გამონაბოლქვის და შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების პრობლემა, რაც წლების წინ კიდევ უფრო მწვავედ იდგა ქალაქის წინაშე. დედაქალაქს არ ჰქონდა განვითარების კონკრეტული სტრატეგია, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რაც არასწორ ურბანულ განვითარებასთან იყო პირდაპირკავშირში. ამ ეტაპზე, პრობლემის მოგვარების მიზნით გვიწევს მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება’’,-განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
მანვე დამსწრე საზოგადოებას სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.
,,სატრანსპორტო რეფორმა სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რაც ბევრად შეამცირებს ჰაერის დაბინძურების ხარისხს,’’-განაცხადა გრიგოლიამ და აღნიშნა, რომ მიუხედავად სატრანსპორტო რეფორმით გამოწვეული აზრთა სხვადასხვაობასა, სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით დასრულდება, რაც თბილისელებს ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების XIII ფორუმს დედაქალაქის მერი, თბილისის მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და რეგიონული მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.