ენმ-ს არ შეუძლია პოლიტიკური ამინდის შექმნა, დაკავებულები არიან გაკოტრებული პოლიტიკოსების მოწვევით, როგორიცაა გიორგი ვაშაძე,- - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ბილტმორიში“ განუცხადა, სადაც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თანამოაზრეებთან ერთად შეხვედრა გამართა.
როგორც ნუგზარ წიკლაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არსებულ მენეჯმენტთან თანამშრომლობა შეუძლებელია, რადგან პარტიაში არსებული არაფორმალური მმართველობით შეუძლებელია „ქართული ოცნების“ დამარცხება, არის სხვა მოსაზრებებიც და ეს ჯანსაღიც არის.
„ჩვენი სურვილია ერთიანობა, რომლის წინააღმდეგ გამოდის ჩვენი პარტიის დღევანდელი მმართველობა. მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ამ მენეჯმენტმა უარი თქვა პარტიის ისტორიაზე, იმ ფუნდამენტურ ღირებულებზე, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეფუძნებოდა, აქ ლაპარაკი არის არა იმაზე, რომ ვინმე გავა იქიდან, არამედ იმაზე, რომ ისინი სცილდებიან „ნაციონალურ მოძრაობას“. ასევე, მიხეილ სააკაშვილისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მხარდამჭერების ხმა და დღეს ის ისმენს არა ჩემ მოსაზრებას, არა ნიკა მელიას ან რამდენიმე პოლიტიკოსის, არამედ, ის ისმენს ათასობით ადამიანის აზრს და შეხვედრების ეს ფორმატი მნიშვნელოვანი ამითაა“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მან ასევე უპასუხა შეკითხვას, გამორიცხავს თუ არა ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობას.
„არა, აბსოლუტურად არავისთან გამოვრიცხავ, ოღონდ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს დაფუძნებული იმ კოლაფსის გააზრებაზე, რაც ახალმა მენეჯმენტმა მოიტანა ბოლო 8 თვის განმავლობაში. პრაქტიკულად, არცერთი პოლიტიკური დაპირება, რაც იყო გაცემული 8 თვის წინ, შესრულებული არ არის. პარტია არის შენელებული, ვერ ატარებს აქციებს, არ შეუძლია პოლიტიკური ამინდის შექმნა და ძირითადად, დაკავებული არიან გაკოტრებული პოლიტიკოსების მოწვევით პარტიაში, როგორიც არის მაგალითად ვაშაძე. ამიტომ ასეთ ვითარებაში ვერანაირი გაძლიერება ვერ მოხდება. ერთი ხელით პარტიაში მოგყავდეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნაკლები მხარდაჭერის პოლიტიკოსი და მეორე ხელით ნახევარ პარტიას უარს ეუბნებოდე, ცხადია, ეს ვერანაირი გამარჯვების ფორმულა ვერ იქნება. ეს ბავშვმაც კი იცის“, -განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.