„თქვენი გამოსვლა, ბატონო მინისტრო, დაიწყეთ იმით, რომ საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს. არ არის ეს ხელისუფლება იმ დონეზე, რომ სიმართლე უთხრას ხალხს ან ბოდიში მოიხადოს, როგორც მინიმუმ. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს, რომ ფონს გავა კომპენსაციებით ან ოპოზიციაზე თავდასხმით, იმიტომ, რომ ამას ვხედავდით მთელი პროცესის განმავლობაში. საზოგადოება თქვენგან ელოდება პროფესიონალიზმს, რაც სამწუხაროდ, ვერ დავინახეთ, ბატონო მინისტრო“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენენ.
ხათუნა სამნიძის თქმით, მინისტრის მოხსენება იყო ზედაპირული, რადგან მან არ ისაუბრა დეტალებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, იქნება ეს სითბური დრონების გამოყენება თუ სხვა.
„ყოველ წუთს ველოდებოდით ბრიფინგს, რომელი ოფიციალურ პირი გამოვიდოდა ხელისუფლებიდან და მოგვაწოდებდა ინფორმაციას. რატომ არ ხდებოდა ეს? ასე ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოება კავშირს კარგავს საზოგადოებასთან. როდესაც კორუფციაა უკვე სტრუქტურებში შეღწეული, როდესაც კოორდინაცია არ არსებობს სტრუქტურებს შორის“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მისივე თქმით, ასე ხდება მაშინ, როდესაც არ არის ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აგრესიულად ესაუბრებიან მათ შორის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს.
„სამწუხაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ანგარიშვალდებულად თავს არ გრძნობენ საზოგადოებასთან, ისინი ანგარიშვალდებულებას გრძნობენ მხოლოდ თქვენთან. პარტიული ერთგულება გახდა კრიტერიუმი, რომ ადამიანები ადგილებზე იყვნენ დასაქმებული. ეს არავის არ უხარია, არავის პარტიული ინტერესი არაა ასეთი ქვეყანა გვქონდეს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.