ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“აგრესიული ტონი მოწმობდა, რომ ხელისუფლება არ აპირებს საერთოდ რაიმე შეასრულოს და თვლის, რომ რაც გააკეთა ესეც საკმარისია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელსა და პარლამენტის წევრებს შორის გამართული შეხვედრა შეაფასა.
„ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე ერთადერთი, რაც შემაშფოთებელი იყო, ეს იყო „ქართული ოცნების“ ტონი, აგრესია და შემტევი, პრეტენზიული ტონი, რომელსაც შინაარსში არაფერი ახლდა, ვგულისხმობ იმას, რომ თუ ადამიანი, ორგანიზაცია, ინსტიტუცია დარწმუნებულია იმაში, რომ შეასრულა ესა თუ ის პუნქტი, ან დავალება, მას სჭირდებოდეს ასეთი აგრესიული ტონი, თუ შინაარსი არის შესაბამისი. აგრესიული ტონი მოწმობდა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს საერთოდ რაიმე შეასრულოს და თვლის, რომ რაც გააკეთა ესეც საკმარისია. ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.