ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ლევან იოსელიანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ "83 წლის ადამიანს, რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო რაც შეიძლება გააკეთო".
"რამდენიმე დღის წინ, კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და ხევში გადააგდო დამალვის მიზნით. ფემიციდზე აქცენტის გასაკეთებლად და ყურადღების გასამახვილებლად სახალხო დამცველს პირადი "Facebook"-ის ანგარიში არ გამოუყენებია. პარლამენტის წინ დემონსტრანტების დაკავება ცარიელი ფურცლების და სხვადასხვა შინაარსის მქონე წარწერების გამო - არც ამ ფაქტს გამოხმაურებია სახალხო დამცველი პირადი ანგარიშით.
ის რომ 5 მილიონი ბიუჯეტის მქონე მეცნიერებათა აკადემია "ბატონი ირაკლის გვერდით დგას უპირობოდ" - უმძიმესი პრობლემაა! იმდენი საშინელი ფაქტი დადასტურდა ამ რამდენიმე წუთიან ვიდეოში, რომ როინ მეტრეველის ასაკზე ხაზგასმა, კაცზე, რომელიც საბჭოთა ფუნქციონერი იყო და ამით ამაყობს, რომელმაც უამრავ ახალგაზრდას წაართვა შესაძლებლობა წლების განმავლობაში განათლება მიეღო, და სახალხო დამცველის მხრიდან ეიჯიზმის გამოვლენა ძალიან მძიმე ამბავია. ძალიან ვწუხვარ"- წერს სამნიძე.
ცნობისთვის, "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ბექა ყორშია როინ მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი, აკა მამაცაშვილი. მან მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.
როინ მეტრეველი უპრობლემოდ დათანხმდა და უთხრა, რომ აკადემია "სრულფასოვნად" უჭერს მხარს მმართველ გუნდს. ჟურნალისტს მეტრეველმა უთხრა, რომ მომავალ კვირაში 5 წუთით შეხვედრა შემდგარიყო მას და პრემიერს შორის "უბრალოდ დაფიქსირებისთვის", რაც მისივე თქმით, საქმისთვისაა საჭირო.