მინისტერიალის ფარგლებში, ჩატარდება ორმხრივი შეხვედრები ჩვენი მეგობარი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, განიხილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, – ამის შესახებ ევროსაბჭოში საქართველოს ელჩმა, ხატია წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტერიალზე ყურადღება გამახვილდება უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხებზე, მიგრაციაზე.

„ევროსაბჭოს 135-ე მინისტერიალს მასპინძლობს მოლდოვა, სადაც წარმოდგენილი იქნება 46 ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირი და ასევე ელჩები. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს დელეგაციას წარმოადგენს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც აქცენტს გააკეთებს ყველა საკითხზე, რაც დღეს აქტუალურია როგორც ქვეყნისთვის, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე სწორად პოზიციონირებისთვის. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესმევა უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხებს, მიგრაციას. ასევე მნიშვნელოვანია საგარეო ჩარევის და ინფორმაციით მანიპულაციის საკითხებთან დაკავშირებული თემების წამოწევა.

ევროსაბჭოს მინისტერიალი ყოველთვის განსაზღვრავს იმ დღის წესრიგს, რომელიც საგარეო პოლიტიკური მიმართულებით არის მნიშვნელოვანი წევრი ქვეყნებისთვის. შეხვედრები ჩატარდება ორმხრივ ფორმატებში ჩვენი მეგობარი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. შეხვედრების ფარგლებში დადგება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება საქართველოს, როგორც პასუხისმგებლიანი საერთაშორისო პარტნიორის გრძელვადიან თანამშრომლობას ჩვენს მეგობრებთან“, – განაცხადა წილოსანმა.