თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, არავის მიეცემა ქვეყნის და ხალხის დაზარალების საშუალება, - ის მედიასთან გამოეხმაურა ბუკა პეტრიაშვილის მოსაზრებას, რომ უმჯობესია, ევროპამ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია დროებით შეუჩეროს.
კახა კალაძის განმარტებით, მსგავსი განცხადებები რადიკალური ოპოზიციონერების მხრიდან არ არის პირველი, მიუხედავად ამისა ქვეყანა განაგრძობს წინსვლას და მშვიდობის შენარჩუნებას.
„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის სტატუსი არ მიეღო, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოსწეროდა, რადიკალიზმით იყვნენ დაკავებულები მაშინაც, კანდიდატის სტატუსზე რომ იყო საუბარი.
გვახსოვს ზოგმა ოპოზიციონერმა რომ თქვა, რადიკალური პარტიის წარმომადგენლები ბრიუსელში დადიოდნენ და ცდილობდნენ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღოო.
ზუსტად იგივე ხაზია, ეს ადამიანები არიან მავნებლები, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ხალხი, ქვეყანა დააზიანონ, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მიეცემათ. ჩვენ განვაგრძობთ ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, მშვიდობის შენარჩუნებას, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.