მივედით შეხვედრაზე, სადაც ჯაფარიძე და სხვები იყვნენ, გვითხრეს, თქვენს კომპანიაში წილის ყიდვა გადავწყვიტეთ, ფერები მოგვწონს თქვენიო, სხვა არგუმენტი ვერ მოიტანეს, რატომ არ უნდოდათ სხვა კალონკების ყიდვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომპანია „მაგნატის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა, ჯემალ ლეონიძემ განაცხადა.

ჯემალ ლეონიძის თქმით, თავიდანვე „ჩადებული ჰქონდათ, რომ კომპანია უცხოელზე გაყიდულიყო“.

„ნოდარ ხადურმა მითხრა, ჯაფარიძისგან რეკავს წარმომადგენელი და გვთხოვენ შეხვედრასო, კომპანიაში აქციების წილის ყიდვა უნდათო. საკვირველი, კაცს, რომელმაც ცელი გამოგისვა, მოგსპო, გაგანადგურა, ფული წაგართვა. საბრუნავი კი თავისი იყო, მაგრამ იმას ვალდებულებები მოჰყვებოდა ჩემგანაც და მათი მხრიდანაც ხომ? ლაპარაკი იყო საბრუნავ თანხაზე, დაახლოებით სამი მილიონი დოლარის ფარგლებში. მივედით, შევხვდით, ჯაფარიძე და სხვებიც იყვნენ. გვითხრეს, თქვენს კომპანიაში წილის ყიდვა გადავწყვიტეთ, ფერები მოგვწონს თქვენიო. სხვებიც არიან, მაგრამ თქვენი გვინდა ვიყიდოთო. ლურჯი და თეთრი ფერი გვქონდა, როგორც მათ ბანკს აქვს, ისეთი. სხვა არგუმენტი ვერ მოიტანეს, რატომ არ უნდოდათ სხვა კალონკების ყიდვა. იანვრის თვე მოვუნდით აზრების გაცვლას. შეთანხმებები ჯერ არ იყო არაფერზე, იყო სურვილი, რომ 25 პროცენტის ყიდვა უნდოდათ. ვლაპარაკობდით მენეჯმენტზე, ვინ უნდა მართოს კომპანია, როგორ უნდა მართოს, ქონებების შეფასება რა ღირს. იანვარი, თებერვალი, მარტის ნახევარი მოვუნდით ამ აზრების გაცვლას. შევადგინეთ მემორანდუმი. ქონებები რომ დავთვალეთ, 30 მილიონ დოლარამდე ადიოდა ჩემი კომპანიის პროფილური ქონებები. ანუ, რაც კონკრეტულად ბენზინსაქმიანობას უკავშირდებოდა. მე სხვა ქონებებიც მქონდა, რესტორნები, ფაბრიკა, ქარხანა, მიწები, მაგრამ ეს პირობა იყო, რომ მხოლოდ პროფილურ ქონებებთან დაკავშირებულ ბიზნესში უნდა შემოსულიყვნენ წილში. 30 მილიონ დოლარამდე გამოვიდა შეფასება, უფრო სწორად, 29 მილიონ ექვსასი ათასი დოლარი, რომელსაც აფასებს „თიბისი“ ბანკის პროფესიონალური ჯგუფი, რომლის საფუძველზე გასცემენ სესხებს მანამდეც და ახლაც. ჩემი მხრიდან ვიყავით მე და ნოდარ ხადური. 29 მილიონიდან და 30 მილიონიდან შვიდი მილიონ-ნახევარი დოლარი უწევდა 25 პროცენტს, არითმეტიკაა უბრალო. აქციონერებად შემოვდივართ, მეგობრები უნდა ვიყოთ და სამ მილიონს გადავიხდითო, ესეც ხუთი წლის შემდეგ. ანუ, ოფციას ყიდულობს ფაქტობრივად, ასე გამოდის და ხუთი წლის შემდეგ იხდის სამ მილიონ დოლარს. გაჩერებული ვარ, სახსრები არ მაქვს საბრუნავი, სხვა გამოსავალი არ მაქვს. არადა არც ცუდ პირობას მეუბნება, ფული სახლში დასადებად რად მინდოდა. კარგი, შვიდის მაგივრად სამი მომცეს, მაგრამ კომპანია იმუშავებს, დასაქმდება ხალხი, მეც სიკეთე მექნება და სხვასაც-მეთქი. დავთანხმდი სამ მილიონს. გავაფორმეთ ხელშეკრულება, წინასწარ განზრახულობათა ხელშეკრულება, მემორანდუმი. თუ არ ვცდები, 2009 წლის 27 მარტს ჩემი მხრიდან ხელს აწერს ნოდარ ხადური, მე და მეორე მხრიდან ვახტანგ ბუცხრიკიძე, გენერალური დირექტორი მაშინაც და დღესაც. დოკუმენტში ასახულია, რომ სამი მილიონი უნდა მიიღოს კომპანიის დამფუძნებელმა ამ ხნის განმავლობაში და პირობად იყო ჩადებული, რომ ხუთი წლის შემდეგ, როცა კომპანია განვითარდებოდა ან მე უნდა მეყიდა ის 25 პროცენტი, რისი ყიდვის სურვილიც მათ ჰქონდათ, ან მთლიანად გაგვეყიდა უცხოელზე. ეს ჰქონდათ თავიდანვე ჩადებული, იქნებ უცხოელზე გავყიდოთ, მეტ თანხას გადაიხდისო“, – განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.