ბევრი სირთულის მიუხედავად, ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობის მოპოვება და დღეს, ამ დამოუკიდებლობას სჭირდება მოფრთხილება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ "ხალხის ძალის" წევრმა, სოზარ სუბარმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში".

„მახსოვს, პირველი მიტინგი რომ მოეწყო 1987 წლის დეკემბერში, 30-40 კაცი ვიქნებოდით, - ბატონი ზვიად გამსახურდია იყო, მერაბ კოსტავა - წერეთლის მეტროდან გავიარეთ დიდუბის ეკლესიამდე და იქ სანთლები დავანთეთ. ეს იყო ისეთი გარღვევა, რომ რაღაცნაირად მოვახერხეთ და გავიარეთ ისე, რომ არავინ არ დაგვარბია - ასე იწყებოდა ეროვნული მოძრაობა.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეცდომაც დავუშვით ამ ეროვნული მოძრაობის წლებში - რომ არა ეს შეცდომები, დღეს, შეიძლებოდა ჩვენი მთავარი სატკივარი რაც არის - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა - არ ყოფილიყო ასე სანატრელი. შეცდომები დავუშვით, რადგან ძალიან ძლიერად მუშაობდა საბჭოთა "სუკ"-ი, ძალიან ბევრი ჩანერგილი ადამიანი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობის მოპოვება და დღეს, ამ დამოუკიდებლობას სჭირდება მოფრთხილება," - განაცხადა სოზარ სუბარმა.