დამაკავეს ბოლო ქონების გადაცემას რომ მოვაწერე ხელი. ჩემი დაპატიმრებიდან ორ თუ სამ დღეში ხარვეზი დაუდგინა საჯარო რეესტრმა ამ ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას. ვინმე ლევან ზოდელავა, „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელი, მიდის რეესტრში გაყალბებული მინდობილობით, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა საჯარო რეესტრში გაყალბებული მინდობილობა წარმოადგინა და ამის საფუძველზე ითხოვდა ხარვეზის აღმოფხვრას. როგორც ლეონიძემ განმარტა, მინდობილობა მისი კომპანიის გენერალური დირექტორის სახელით იყო გაცემული, რომელიც იმ დროს არათუ თბილისში, არამედ, საქართველოშიც კი არ იმყოფებოდა.
„ლევან ზოდელავა, „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელი, მიდის რეესტრში გაყალბებული მინდობილობით - მე რამდენიმე ტერმინს გეუბნებით, რაც არის დამტკიცებული გამოძიების მიერ - და ითხოვს ამ ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღმოფხვრას იმ ხარვეზისას, რაც რეესტრმა დაადგინა. ეს მინდობილობა იყო ჩემი კომპანიის გენერალური დირექტორის, მალხაზ ბაბლიძის სახელით, რომელიც 5 თუ 6 აგვისტოდან და შემდეგაც, ქალაქში, საქართველოში არ იმყოფება. თითქოს, ამ ადამიანმა, რომელიც ქვეყანაში არ არის, 6 თუ 7 აგვისტოს, მინდობილობა მისცა ისევ ჩემს თანამშრომელს ამ საქმის ხარვეზის მოსაგვარებლად.“ - განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.