ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს საქართველოს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ეს ძალიან მისასალმებელია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი როგორც 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით, ასევე ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მას ძალიან ბევრი შეხვედრა ჰქონდა, როგორც გრანადაში, სადაც ევროპული სახელმწიფოების შეხვედრა გაიმართა, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს საქართველოს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ეს ძალიან მისასალმებელია. მეორე მხრივ, მაღალი მოლოდინი გვაქვს, რომ პოზიტიური რეკომენდაცია იქნება ევროკომისიის მხრიდან. რა თქმა უნდა, როდესაც გადაწყვეტილება იქნება უკვე მიღებული ევროპულ საბჭოზე, ვიმედოვნებთ, ერთსულოვანი გადაწყვეტილება იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. არსებობს გარკვეული შანსები, რომ კვლავაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული, როგორც ადრე, მაგრამ დღეს გაცილებით უფრო მეტია პოზიტიური მოლოდინი, ვინაიდან საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი როგორც 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით, ასევე ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.