ეს არის პიროვნება, რომელსაც უბრალოდ სძულს თავისი ქვეყანა, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ბაჩო ახალაიაზე საუბრისას.

დეპუტატი გამოეხმაურა აუდიოჩანაწერს, სადაც ახალაია დამხობაზე საუბრობს.

„ადამიანმა თუ არ ვცდები, 9 წელი მოიხადა, მერე კიდე ვერ მოისვენა და რევოლუციურ და დამხობის პროცესებში მიიღო მონაწილეობა და ახლა კიდევ ვერ მოისვენა და სასამართლო პროცესზე ახალი დანაშაული ჩაიდინა - დამხობისკენ მოუწოდა ისევ საზოგადოებას. ეს არის პიროვნება, რომელსაც უბრალოდ სძულს თავისი ქვეყანა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ: ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. 

სუს-ის განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.

საქმე ეხება აუდიოჩანაწერს, რომელიც მისმა მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. კერძოდ, ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „ივანიშვილი უნდა დაემხოს“.