ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში  ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 72  ფაქტი გამოავლინეს.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 76 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლენია სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის იმერეთში - 13,  სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4, ქვემო ქართლში - 20, კახეთში - 15, მცხეთა-მთიანეთში - 2, გურიაში - 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 და შიდა ქართლში - 4 შემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 9 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით  გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.

ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, იანვარ-აპრილის პერიოდში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების  263  ფაქტი. - ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.