პარლამენტის წევრს, გურამ მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელისა და გენერალ-მაიორის, ვახტანგ კაპანაძის მიერ გაკეთებული განცხადებებით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები გაცხადებული მტკიცებულებაა საქართველოში უცხო ძალების აგენტურის.

„აგენტები პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენენ და უცხო ქვეყნის ბომბებს მოუყვებიან. 1921 წელს მეტი არაფერი მომხდარა, როცა საოკუპაციო ჯარს ზოგიერთი ქართველი მოუძღვოდა. დღეს, გენერლიდან დაწყებული თავდაცვის მინისტრით დასრულებული უცხო ქვეყანას ეუბნებიან – მობრძანდით, ბატონო, აგერ არის დასარტყამი, აქ არის ის ტერიტორია, სადაც უნდა შემოხვიდეთ, ეკონომიკას ამ ნაწილში დაარტყით და ჩამოაქციეთო. ჩემი აზრით, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ იმით, როგორ შეიძლება, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და გენერალი, რომელთაც საიდუმლოებაზეც მიუწვდებათ ხელი, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს საჯაროდ ეუბნებოდნენ, სად შეიძლება, იყოს სისუსტეები საქართველოში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.