ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და მიმაჩნია რომ სწორ გზაზე ვდგავარ. როგორ გგონიათ ბატონო მოსამართლე მე რომ მდომოდა ვერ გავხდებოდი ოცნების პარლამენტის წევრი და ვერ დავიკავებდი დიდ თანამდებობას?! - ამია შესახებ მსოფლიო ბანმა, "4 ოქტოიმბრის საქმეში" პაატა ბურჭულაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოლოო სიტყვით გამოსვლისდას განაცხადა.
"ეს ოცნების წევრები ჩანასახშიც არ იყვნენ როდესაც ბატონი ივანიშვილი სხვადასხვა ხერხებით მთხოვდა, ცდილობდა, მასთან ერთად ჩავრთულიყავი პოლიტიკაში; მაგრამ მაშინაც და ახლაც ვფიქრობ რომ ქართული ოცნება საქართველოსთვის არის დამღუპველი და ის რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ.
ამ ორმა დიდმა, „სამართლიანმა“, პროკურორმა ერთი სიტყვაც არ ახსენეს იმის თაობაზე თუ რისთვის შეიკრიბა ხალხი 4 ოქტომბერს; მათ ვერ შეამჩნიეს საქართველოს ეროვნული კრება და მისი დეკლარაცია რასაც ერთხმად ხმა მისცა ასობით ათასმა ადამიანმა. მაგრამ მათ შეამჩნიეს არავისთვის საჭირო, მორყეული, ღობის დაშლა და შვიდი თვის განმავლობაში ამის დაბრალებაც ვერ შეძლეს მოქალაქეებზე რადგან ნოდარ მელაძემ და მისმა გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა ეს ამბავიც გაუქარწყლა მათ.
რაც შემეხება მე - ე.წ. 7 თვიანი გამოძიების შემდეგ:
1) 7 თვეა ამ ორმა „პატიოსანმა“ პროკურორმა ქნა ის რომ სრულიად მომწყვიტა ჩემს ოჯახს, ერთხელაც არ მისაუბრია ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან; მეგობრებზე უკვე არაფერს ვამბობ.
2) ამ პერიოდში ჩემი თვალით ვნახე ცრუ მოწმე პოლიციელები, რომელიც წინათ მარტო ტელევიზიით მენახა და დავრწმუნდი მათ საცოდავობაში.
3) გავიცანი და დავმეგობრდი საქართველოს პატრიოტ მოქალქეებთან რომელიც ვერ გატეხა მოღალატე რეჟიმმა.
4) დავრწმუნდი იმაში რომ ეს პროტესტი არ ჩაქრება; თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოყვარე ქართველი ხალხი არ დანებდება და აუცილებლად გაიმარჯვებს.
5) ჩემდა უნებურად აღმოვაჩინე თუ რა ტიპის პროკურორი იძიებს ჩემს საქმეს და ყველაფერი ნათელი გახდა - აქაც მადლობა ბატონ ნოდარ მელაძეს.
ჩემს მაგალითზე გეტყვით რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვაკეთებდი იმას რაც იმ მომენტში სჭირდებოდა ჩემს სამშობლოს: სახელოვნებო კარიერას, ქველმოქმედებას, ტაძრის მშენებლობას და პოლიტიკასაც კი. უკვე 2016 წლის არჩევნებზე შევქმენი პარტია და ვეცადე ქართველი ხალხისთვის მემცნო და ამეხსნა თუ რა დიდი საშიშროება მოდიოდა ქართული ოცნების სახით; სამწუხაროდ ეს ბოლო კარგად ვერ შევძელი. რეზულტატიც სახეზეა თუ რა ტემპით დეგრადირებს ჩვენი ქვეყანა.
რაც შეეხება დღევანდელობას - ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში. ორივე ბრძოლის ფრონტია ამ მოღალატეების წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ რომ ცნობადი სახეები, როგორც არ უნდა შეძლებულად ვცხოვრობდეთ უნდა ვიყოთ წინა პლანზე და მაგალითი სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში; ნათელი უნდა გავხადოთ ხალხის სურვილი, ხოლო პოლიტიკოსებმა უნდა აღასრულონ ხალხის ნება.
ბატონო მოსამართლე, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორმა „დიდად პატივცემულმა“ პროკურორმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის სახით ხელის მოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი. ისინი დარწმუნებულები არიან რომ მე საფრთხე ვარ მათი კარგად აწყობილი ცხოვრებისთვის და იციან რომ თქვენც ასე ფიქრობთ. იცოდეთ და დაიმახსოვრეთ მე რა მომივა იმას მნიშვნელობა არ აქვს; საქართველო არასდროს არ დანებდება და თქვენ ყველანი აუცილებლად აგებთ პასუხს ხალხის წინაშე. ხალხი ბრძენია და პატრიოტი. ის სახელმწიფო მოღალატეების ბრბო რომელიც დღეს მოაჯდა ხელისუფლებას, როგორც საშინელი სიზმარი მალე გაქრება და გამოიდარებს მთელს საქართველოში!" - განაცხადა პაატა ბურჭულაძე სასამართლო პროცესზე.
შეგახსენებთ, 2025 წლის 7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პროკურატურის მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებულ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, შსს-მ პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე 5 ოქტომბერს დააკავა








