არ მგონია, რომ აუცილებლად არის საჭირო უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმისათვის, რომ სასამართლო კარგად დაკომპლექტდეს - საქართველოს პრობლემა აქვს იმაში, რომ კოლექტიური ფარცხალაძე ბლოკავს მართლმსაჯულების რეფორმას, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ „ვეტინგის“ სისტემაზე საუბრისას განაცხადა.
„მართლმსაჯულების სისტემას ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება. არ მგონია, რომ აუცილებლად არის საჭირო უცხო ქვეყნის მოქალაქეები, იმისათვის, რომ სასამართლო კარგად დაკომპლექტდეს.
საკადრო კუთხით მივიჩნევ, რომ ძალიან სოლიდური რესურსი გაგვაჩნია ქვეყნის შიგნით იმისათვის, რომ ადეკვატური სასამართლო გაგვაჩნდეს. საერთოდ, არ მგონია რომ ყოველთვის გარეთ უნდა ვეძებოთ გამოსავალი. ეს არის ერთი შესაძლო გზა. საქართველოს პრობლემა აქვს იმაში, რომ კოლექტიური ფარცხალაძე ბლოკავს მართლმსაჯულების რეფორმას. შეკრულია კრემლთან, ღარიბაშვილ-ივანიშვილ-კობახიძესთან. იმ კატეგორიებთან, რომლებიც გამოცხადებული არიან რუსეთის დაზვერვის აგენტებად, ეს ხალხი ბლოკავს ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმასაც, „კლანისგან“ გაწმენდასა და ქვეყნის წინ წასვლას ევროპული კავშირისკენ და ნატო-სკენ.
რაც შეეხება „ვეტინგის“ პროცესს, მე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, თუ გარკვეულ მომენტში უცხოელი მეგობრები გვირჩევდნენ და პროცესი ხარისხის უზრუნველყოფაში იყვნენ ჩართულნი, ეს სხვა რამეა და სულ სხვა რამეა, როდესაც ამერიკელი და იაპონელი მოსამართლე დანიშნო“, - განაცხადა გეგელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.