ხელისუფლებას ახალი ისტერიული შემოტევა აქვს რადგან იაზრებს, რომ "ლელოს" საპენსიო მოდელი ეფექტური და განხორციელებადია. 
ბოლო ისტერიკის ფარგლებში, რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ უკვე პირდაპირ აღიარა, რომ ქართული ეკონომიკა მათ მთლიანად მიაბეს რუსეთს და რომ, მათი აზრით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მხოლოდ რუსეთს შეუძლია. - ამის შესახებ "ლელოს" წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. 

"სამწუხაროდ, ეს არამარტო ამ ხელისუფლების უმეცრებაზე მიუთუთებს, არამედ მათი პრორუსული მენტალობის კიდევ ერთი გამოხატულებაცაა.  
დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომლის ამოცანაა გააღრმაოს რუსეთზე ქვეყნის დამოკიდებულება, რაც ჩვენს ეკონომიკას ასუსტებს და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის. დიახ, საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე ემსახურება ერთადერთი ქვეყნის, რუსეთის ინტერესებს და სწორედ ამ კურსს ატარებს დღეს "ქართული ოცნება". 

დღეს როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს, ხელისუფლების რუსული შფოთვები ორმაგად კომიკურია. საქართველოს არასოდეს ჰქონია წვდომა იმ მასშტაბის ეკონომიკურ სიკეთეებზე, რასაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა გვთავაზობს. ამიტომ ის, რომ რუსეთის დასანქცირებით საქართველოს ეკონომიკა დასუსტდება არის ტყუილი. 

ლელომ იცის როგორ გამოიყენოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და როგორ შემოიტანოს ქვეყანაში ევროპული და ამერიკული ინვესტიციები. საქართველო შეუერთდება ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს და პარალელურად გამოიყენებს ევროკავშირის მიერ შექმნილ დამცავ მექამიზნებსა და ფონდებს, რაც ჩვენს ეკონომიკას დაზარალებისაგან დააზღვევს. ლელო მოიზიდავს დასავლურ ინვესტიციებს და გაზრდის ეკონომიკას ორნიშნა მაჩვენებლით.

არაკომპეტენტური, პრო-რუსი ხელისუფლება არც სანქციებს უერთდება და არც ევროპულ ფონდებს და ბაზარს არ იყენებს. ამ ხელისუფლებამ არ გამოიყენა არც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან. ნაცვლად იმისა, რომ ევროპასთან მეტი გვევაჭრა, 2016-2022 წლებში ევროკავშირთან ვაჭრობა განახევრდა და იმავე პერიოდში რუსეთთან ვაჭრობა გაორმაგდა.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლება დგას რუსეთის სამსახურში, ხოლო "ლელო" ემსახურება ქართველ ხალხს. ჩვენ გავატარებთ სწორ საგარეო პოლიტიკურ კურსს, გავზრდით ეკონომიკას და მივაღწევთ 1000 ლარიან პენსიას.