პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, ასევე დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად, ანგარებით და შეკვეთით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისთვის ორ პირს ბრალდება წარუდგინა:

„საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების,ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ერთ პირს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის; დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად, ანგარებით და შეკვეთით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისთვის „ქურდული სამყაროს“ წევრს და კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს დაუსწრებლად ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი „ქურდული სამყაროს“ წევრი და კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ ბიზნესმენს „ქურდული სამყაროს“ წესებიდან გამომდინარე, მოკვლის მუქარით სძალავდა 100 000 აშშ დოლარს.

დაზარალებულის მხრიდან უარის მიღების შემდეგ მან ორ პირს ბიზნესმენის მკვლელობა შეუკვეთა, რომლებმაც 2025 წლის 25 ივნისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯგუფურად მოკლეს დაზარალებული. ორივე პირი იმავე დღეს იქნა დაკავებული. მათ მიმართ ამჟამად საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ელმურაზ მამედოვმა ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ სხვა ბიზნესმენს „ქურდული სამყაროს“ წესებიდან გამომდინარე, სიცოცხლის მოსპობის მუქარით 200 000 აშშ დოლარი მოსთხოვა, ასევე ზემოქმედების მიზნით გადაუგზავნა მის მიერ შეკვეთით მოკლული ბიზნესმენის ფოტო.

დაზარალებულის მხრიდან უარის მიღების შემდეგ მან ერთ პირს ბიზნესმენის მკვლელობა შეუკვეთა, რომელმაც დაზარალებულის გადაადგილების და სავაჭრო მაღაზიის მდებარეობის შესწავლა დაიწყო. იგი 2025 წლის 6 ნოემბერს მკვლელობის მომზადებისას სოფელ კაბალში იქნა დაკავებული. ბრალდებულის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ბიზნესმენის მკვლელობისთვის გამიზნული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

დაკავებულს ბრალდება წარედგინა დამამძიმებელ გარემოებებში, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
ელმურაზ მამედოვს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების; ასევე ჯგუფურად, ანგარებით და შეკვეთით ჩადენილი განზრახ მკვლელობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტებით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

ბრალად წარდგენილი დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახითის პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

საზღვარგარეთ მყოფი „ქურდული სამყაროს“ წევრისა და კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეებიდან გამომდინარე უკვე გამოცხადებულია ძებნა, მათ შორის საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით,"- აღნიშნულია განცხადებაში.