აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა განაგრძობს დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვას და ამისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა იგეგმება.
„2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, დამატებით 10%-ით იზრდება და ჯამში 50 მილიონ ლარზე მეტს მიაღწევს. პროგრამული ნაწილის ხარჯები 39%-მდე გაიზარდა. ეს არის უპრეცედენტო ნიშნული, რომელიც ითვალისწინებს მეტ მხარდამჭერ ღონისძიებებს ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაორმაგდა ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის დაფინანსება, ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა საზღვარგარეთ მკურნალობის, ონკოლოგიური პაციენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების მხარდაჭერა.
დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამისთვის 2 მილიონი ლარი გამოვყავით, ხოლო სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები თითქმის გაორმაგდა.
ეს ცვლილებები ჩვენი პასუხისმგებლობისა და ხალხზე ზრუნვის კონკრეტული გამოხატულებაა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილება ორიენტირებულია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებაზე, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, დევნილთა ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე და ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერაზე.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.










