აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და ვეტერანებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„დღეს, 27 სექტემბერს, ჩვენ ერთად ვიხსენებთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეს, სოხუმის დაცემას. ჩვენი ვალია, მუდმივად გვახსოვდეს ჩვენი გმირების ისტორია. მჯერა, რომ მათი ოცნება ერთიან საქართველოზე აუცილებლად ახდება და ენგურის ხიდი, რომელიც დღეს გამოგონილ საზღვრადაა ქცეული, მალე გახდება საქართველოს გაერთიანების სიმბოლო, რადგან წარმოუდგენელია აფხაზეთი უსაქართველოდ და საქართველო უაფხაზეთოდ. მჯერა, რომ დავბრუნდებით ჩვენს მიწაზე და აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად შევქმნით ჩვენი სამშობლოს უკეთეს მომავალს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გენო ადამიას ბიუსტები.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 000-ზე მეტი კი საკუთარი სახლიდან დევნილად იქცა.